თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პარიზის მომავალ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე განსაკუთრებულია, შესაბამისად, არსებობს ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობის მედლების მოპოვების იმედი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ოლიმპიადა 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ძირითადი პროგრამა მოიცავს სპორტის 32 სახეობას. საქართველომ სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მოიპოვა.
„მე გადავხედე ჩვენი ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობას და წელს გვყავს მართლაც გამორჩეული შემადგენლობა. არის არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი და პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი“, - განაცხადა კობახიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე დიდ შედეგებს მიაღწევენ.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული მოპოვებული მედლების და ოქროს მედლების თვალსაზრისით. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები ამ შედეგს მიაღწევენ“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ყველა ქართველ სპორტსმენს დიდი წარმატება უსურვა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართულმა სპორტმა ძალიან კარგი ტემპი აიღო - სახეზეა დიდი მიღწევები როგორც ჯგუფურ სახეობებში, ისე ინდივიდუალურში.
წელს ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს:
თავისუფალი ჭიდაობა (ოთხი ლიცენზია): გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი (ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი);
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (სამი ლიცენზია): რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდო (11 ლიცენზია): გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი), ლაშა შავდათუაშვილი (ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი), ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური (ოლიმპიური ჩემპიონი), ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი (ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი), ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.
გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.
ძალოსნობა (სამი ლიცენზია): ლაშა ტალახაძე (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი), შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივი (ორი ლიცენზია): ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;
ფარიკაობა (ერთი ლიცენზია): სანდრო ბაზაძე;
ბატუტზე ხტომა (ერთი ლიცენზია): ლუბა გოლოვინა;
ტყვიის სროლა (ერთი ლიცენზია): ნინო სალუქვაძე;
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური მოწვევა (Wild Card) სამმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ორი ლიცენზია ცურვაში - ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა და ერთი მძლეოსნობაში - ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).