თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეში იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს, რომელიც საქართველოში რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება, განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ფოთის საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა რუხაიამ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აწარმოებს გამოძიებას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე. სუს-ი უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვას უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, კონსტანტინე ჯღამაია და გელა კახაბრიშვილი მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. გამოკითხვაზე დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც.
„მკითხეს, ვიღაცებს იცნობ თუ არაო, ზოგიერთს ინტერნეტით ვიცნობ. ყოფილი მთავრობის წევრების გვარები იყო, მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ გეტყვით",- განაცხადა რუხაიამ.
მან დაადასტურა, რომ იყო კითხვა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით.
„დიახ, კითხვები იყო, ვიცნობ თუ არა. ინტერნეტიდან ვიცნობ, პოლიტიკაში რომ იყო. პირადად არავის ვიცნობ და ცრუ ინფორმაციას ხომ არ ვეტყოდი, კომუნიკაცია არასდროს მქონია. მკითხეს, ვინც დაიბარეს გამოკითხვაზე, ვიცნობდი თუ არა, ერთ-ერთი, ლაშა ჭიღლაძე ჩემი მეგობარია. ასევე, მკითხეს, მიშა ბატურინთან ვმეგობრობ თუ არა, წლებია ვმეგობრობ, ასევე მკითხეს, მამუკა მამულაშვილი იყო თუ არა ლეგიონის ხელმძღვანელი", - განაცხადა რუხაიამ.
ვინ არის ადეიშვილი
ადეიშვილმა, რომელიც იმ პოლიტიკოსთა წრის ნაწილი იყო, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, საქართველო 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. მან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, შემდეგ კი მოქალაქეობა. 2020 წლიდან ცნობილია, რომ ის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მუშაობს.
საქართველოში ადეიშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე: 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვა, 2004 წელს „აკურას“ ქარხნის მითვისება, 2007 წელს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის კობა დავითაშვილის გატაცება და ცემა, 2012 წელს „ქართუ ბანკის“ გაკოტრება და პატიმართა წამების საქმეზე მტკიცებულებების გაყალბება 2012 წელს.
ბრალი აქვს წარდგენილი პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ორგანიზებაში, მტკიცებულებების გაყალბებაში, მოწმეზე ზემოქმედებაში, პირის თავისუფლების აღკვეთის ორგანიზებაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში. ადეიშვილმა დეპუტატის გატაცების ორგანიზებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი მიიღო - ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.
გარდა ამისა, ადეიშვილს ბრალი წაუყენეს 2007 წელს თბილისში აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედის“ მითვისების, ასევე ამირან რობაქიძის მკვლელობის საქმეზე.