დამატებით 100 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტროსთვის - რაზე დაიხარჯება თანხები

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 519 მილიონი ლარით გაზრდაზე, თანხების ძირითადი ნაწილი ჯანდაცვის, თავდაცვისა და განათლების სამინისტროებს გადაეცემა.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაზრდილი ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სოციალურ პოლიტიკაზე დახარჯავს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც ამჟამად 1,4 მილიარდს შეადგენს, 100 მილიონი ლარით გაიზრდება.
„თავდაცვის მიმართულება ეს არის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ამის გამოხატულება არის ის, რომ ჩვენ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და რა თქმა უნდა, გავაუმჯობესოთ ის სოციალური პირობები, რომელიც აქვს ჩვენი თავდაცვის ძალების მესვეურებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ეს რესურსი, პირველ რიგში, მიემართება თავდაცვის კონკრეტული შესაძლებლობების გასაძლიერებლად, გარკვეული რესურსი ასევე მიემართება სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით.
„გვაქვს ასევე რამდენიმე საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი პროექტები, მნიშვნელოვანი გეგმები, რომლებიც უკავშირდება არა მხოლოდ 2024-ს, არამედ, გრძელვადიანია. ამ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა გვაქვს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ნატოს წევრები 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს იარაღის მიყიდვაზე უარს ეუბნებოდნენ>>
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 519 მილიონი ლარით გაზრდაზე, თანხების ძირითადი ნაწილი ჯანდაცვის, თავდაცვისა და განათლების სამინისტროებს გადაეცემა. დღეისათვის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 25,04 მილიარდ ლარს შეადგენს.
რამხელა თანხები ერგო უწყებებს?
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი - 3,4 მლრდ, ჯანდაცვის სამინისტროს - 7,8 მლრდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 187,5 მლნ, თავდაცვის სამინისტროს - 1,4 მლრდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი - 1,3 მლრდ, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი - 2,5 მლრდ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი - 471,96 მლნ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი - 171,2 მლნ, მუნიციპალიტეტების ტრანსფერი - 550 მლნ ლარი.