პრემიერი: „ქართულ ოცნებას” მოქალაქეების 60% უჭერს მხარს

საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი გახდება ომსა და მშვიდობას შორის, განაცხადა ირაკლი კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-ის მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება, „ლიბერალური ფაშიზმის“ დასამარცხებლად ხომ მაქსიმალური ლეგიტიმაციაა საჭირო“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში შევლენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებენ.
„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი წინასაარჩევნო პოზიციები. მინდა, შეგახსენოთ, რომ, დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას და უფლებას”, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართულ ოცნებას” სჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ქვეყნის შემდგომი განვითარება და მეორე მხრივ, საბოლოოდ დაამარცხოს ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ამ არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი არსებითად განსხვავებული პოლიტიკური სუბიექტი – „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
„26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის… ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებით და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით”, -განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.
მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდ და სამართლიან გარემოში, აღნიშნა მან.
პრემიერის თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით „ქართული ოცნების” წარმომადგენლებზე თავდასხმებს, ამის მაგალითად მან მოიყვანა თავდასხმა ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეზე, დეპუტატებზე ბექა ოდიშარიასა და დაჩი ბერაიაზე, რის აქტიურ ტირაჟირებასაც „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების კუთვნილი მედია ახდენდა.
„სამწუხაროდ, მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ანუ ყველა მათი პარტია ერთად 30 პროცენტსაც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით”, -განაცხადა კობახიძემ.
ისინი შეეცდებიან, შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო, თუმცა ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.