დეპუტატები: საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მხრივ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველომ დემოკრატიის სფეროში ერთ-ერთი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსში 50-ე ადგილი დაიკავა, რაც მიუთითებს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესზე, განაცხადეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა.
2023 წლის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსში საქართველომ 4-ქულიანი სისტემით 3,5 ქულა დააგროვა. 2012 წელს, ანუ ხელისუფლების შეცვლამდე, საქართველო ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის იყო და მსოფლიოში 99-ე ადგილს იკავებდა, 11 წლის განმავლობაში კი 49 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეგავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეს არის პასუხი ყველა იმ რადიკალების და სკეპტიკოსების განცხადებაზე, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენს ქვეყანაში თითქოს რაღაცა კუთხით პრობლემას წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება“, - განაცხადა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მხრივ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
„ფაქტობრივად, არ დარჩა მიმართულება, სადაც საქართველო არ იმყოფება ლიდერ პოზიციებზე, როდესაც საუბარი გვაქვს ობიექტურ შეფასებებზე. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს პროგრესთან, ხოლო მეორე მხრივ, ორმაგ სტანდარტთან და უსამართლო გადაწყვეტილებებთან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, რაც მთავარია საქართველო მიდის წინ და ამას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.
2023 წლის მშვიდობიანი შეკრების ინდექსის თანახმად, საქართველო უსწრებს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, შვეიცარიას, პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, ლატვიას, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, თურქეთს და სხვა ქვეყნებს.
საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება 2022 და 2023 წლების ინდექსებში მიიღო.
ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად ხდება დასავლეთის მკაცრი კრიტიკის ობიექტი.
მიზეზი - ქვეყანაში პროტესტის ტალღისა და დასავლეთის მხრიდან მწვავე კრიტიკის მიუხედავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება გახდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
როგორც ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ივნისის დასაწყისში შემოიღო სავიზო შეზღუდვები, ივლისის დასაწყისში კი საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) განუსაზღვრელი ვადით გადადო.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
ყველა ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სკანდალური კანონის მიღებითა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკით.