არჩევნები 2024: ცესკოში რეგისტრაცია 13–მა პარტიამ გაიარა

ყველა პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, ცესკოში 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარადგინოს არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 13 პარტია დაარეგისტრირა - ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარტიებისთვის, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, რეგისტრაციის ვადა 15 ივლისს ამოიწურა.
დღეის მდგომარეობით რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა პარტიებმა: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ისაკ გიორგაძის „ჩვენი გაერთიანებული საქართველო", გიორგი თუმანიშვილის „მესამე გზამ” , გიორგი ლილუაშვილის „საქართველომ”, ავთანდილ ველთაურის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის”, კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ“, კონსტანტინე გუგუშვილის „მემარცხენე ალიანსმა“, დავით ჭიჭინაძის „ტრიბუნამ“, გიორგი გაგნიძის „შეცვალე საქართველომ“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და გიორგი გაჩეჩილაძის „მწვანეთა პარტიამ“.
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა პარტიას „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა".
ყველა პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, ცესკოში 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა წარადგინოს არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩვნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.
კვალიფიციური სუბიექტები, რომელთაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების თარიღის გამოცხადების (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა - 30 აგვისტო) შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაიარონ, არიან:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
„ლელო საქართველოსთვის"
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი"
„მოქალაქეები"
„ევროპული საქართველო"
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
„სტრატეგია აღმაშენებელი"
„კანონი და სამართალი"
„ევროპელი დემოკრატები"
რესპუბლიკური პარტია"
„პროგრესი და თავისუფლება"
„სახელმწიფო ხალხისთვის".
საქართველოს პარლამენტი ოთხი წლით ირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოელების მონაწილეობაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ბინადრობის ნებართვა, არ აქვთ უფლება შექმნან პარტიები, გაწევრიანდნენ პარტიაში ან გაიღონ შემოწირულობა პარტიებისთვის. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.