თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანა არის პიარსვლა იმისთვის, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება თითქოსდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს ქვეყანაში მასობრივად აპროტესტებენ, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები აპირებენ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, სარჩელს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან 30-ზე მეტმა პირმა უკვე მოაწერა ხელი. მანამდე ზურაბიშვილმა და 120-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერების და შემდგომ მისი გაუქმების მოთხოვნით შეიტანა სარჩელი. როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამ სარჩელებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.
„კანონის მომზადებიდან დღემდე ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობა მოშალონ. შესაბამისად, პიარულად მომგებიანია, რომ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ. მათი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოში რაც მეტი სარჩელი შევა, უკეთესი ჰედლაინი გავა მედიასივრცეში, რომ კანონს მასობრივად აპროტესტებენ", - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, ბევრჯერ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს.
„მათ შორის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მეტი და მეტი განცხადება კეთდება ევროპარლამენტში თუ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. დიდი ბრიტანეთის სამიტზე გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ევროკავშირს სჭირდება გამჭვირვალობის პრინციპების შემოღება არასამთავრობო სექტორთან მიმართებით", - განაცხადა დეპუტატმა.
წილოსანის განმარტებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დაადასტურებს, რომ „ამ პრინციპის ამუშავებას ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერა აქვს".
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, მიუხედავად ქუჩის საპროტესტო აქციებისა, მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სკანდალურ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო და მას „რუსული" და „არაკონსტიტუციური" უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კანონს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც პრეზიდენტმა ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებამ დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია. აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის თაობაზე განაცხადეს. ამერიკულმა მხარემ უკვე გააუქმა საქართველოში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, ევროკავშირმა კი გაყინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი დაფინანსება.