საქართველოში კრიტიკული შეუსაბამობებისთვის 82 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის საკურორტო ზონებში, სახელმწიფო კონტროლი გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2024 წლის II კვარტალში მთელი საქართველოს მასშტაბით 3.103 ინსპექტირება განახორციელეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მეორე კვარტალში კრიტიკული შეუსაბამობებისთვის დაჯარიმდა 82 ბიზნესოპერატორი, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა რეკომენდაციები - აღნიშნულ პერიოდში გამოვლენილი დარღვევები განხორციელებული ინსპექტირების 2.64%-ს შეადგენს.
ინსპექტირების ფარგლებში შემოწმდა ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზპროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები, სურსათის საცალო და საბითუმო სარეალიზაციო, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოები და სხვა პროფილის ობიექტები.
„კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, სურსათის მომზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, მიკვლევადობასა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: ხორცის რეალიზაცია ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმისა და სურსათის შენახვის პირობების დარღვევა, კონდენსატი მაცივრებში.
სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში სისტემატიურად ხორციელდება და სააგენტოს სპეციალისტები ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება.