მდინარაძე: ტრამპის გამარჯვება საქართველოს ინტერესებშია

უკრაინაში კონფლიქტის დასრულება არის ის, „რაც ტრამპის არჩევის შემთხვევაში გაცილებით მოსალოდნელია", მიაჩნია პოლიტიკოსს
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებშია, რადგანაც ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსი იქნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისა და საქართველოში კონფლიქტის რისკების შემცირებისთვის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულება არის ის, „რაც ტრამპის არჩევის შემთხვევაში გაცილებით მოსალოდნელია".
„და ამ შემთხვევაში ლოგიკური გაგრძელება არის ის, რომ საქართველოს მიმართ შეიცვლება ინტერესები და ეს აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას კი არა – ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად – ობიექტურად აწყობს საქართველოს და მის მოსახლეობას", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ უკრაინაში კონფლიქტი დასრულდება, ეს ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში კონფლიქტის რისკის შემცირებას. ამ მიზეზით, მმართველმა პარტიამ უნდა მოიგოს მომავალი არჩევნები და უზრუნველყოს ქვეყნის სწრაფი განვითარება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ჩვენ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გავაგრძელოთ განვითარება, მათ შორის, ევროინტეგრაციისკენ სვლა, სადაც ყველა მიღწევა „ქართულ ოცნებას" ეკუთვნის“, - განაცხადა მდინარაძემ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება, ასევე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის გამო პრეზიდენტობის კანდიდატს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარში „გლობალური ომის პარტია" და ლიბერალური ფაშიზმი დაადანაშაულა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „გლობალური ომის პარტია“ მეთოდებს არ ცვლის.
მმართველ პარტიაში ასევე პარალელი გაავლეს ტრამპის მკვლელობის მცდელობასა და სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობას შორის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანის თქმით, ტრამპსა და ფიცოს შორის ერთი დიდი მსგავსებაა - ორივე მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას.
გლობალური ომის პარტია
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".