თბილისი, 23 иივლისი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლო არ ჩარეულა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილებაში, არამედ მხოლოდ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა უწოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მ.კ.-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობის და მოსარჩელის საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე აღნიშნული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
„სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა და შეაჩერა პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მოქმედება. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ იმის თქმა „მოსამართლეს ვინ ეკითხება", სამარცხვინოა. სასამართლო არ ჩარეულა პრეზიდენტის უფლებებში, არამედ შეასრულა მისი ვალდებულებები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციის ნაწილმა სასამართლოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტო შემთხვევა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების უგულვებელყოფა უწოდა.
„პრეზიდენტს აუკრძალეს ახალი კანდიდატების დანიშვნის ან წარდგენის შესახებ აქტის გამოცემა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა და იგი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ინტერესები კლანის ინტერესებს შესწიროს. მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვს“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
როგორც ადრე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი. საბჭოს შემადგენლობაში შედის ოთხი წლის ვადით არჩეული 14 წევრი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით მიმართა საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატის შერჩევის პროცესს აკვირდებოდნენ და მათ აღნიშნულ საკითხზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
როგორც მან აღნიშნა, მოსარჩელემ სასამართლოს 22 ივლისს მიმართა და სასამართლომ შუამდგომლობა იმავე დღეს დააკმაყოფილა. წიქარიშვილს უფლებამოსილების აღსრულება 23 ივლისიდან უნდა დაეწყო.
წიქარიშვილი წარსულში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის თანაშემწე (2015-2018 წწ). გვენეტაძის გადადგომის შემდეგ წიქარიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლა განხორციელდა, რათა მას „სასამართლო კლანთან“ ეთანამშრომლა, თუმცა გვენეტაძემ აღნიშნული არ დაადასტურა, რამეთუ მის წინააღმდეგ არსებობდა კომპრომატები.