თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სამი ოპოზიციური პარტიის - „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“ - ალიანსს კიდევ ერთი პარტია შეემატა - პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნოდ მათთან გაერთიანების შესახებ განაცხადა.
ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“ მიმდინარე წლის ივლისში საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს და მეოთხე ოპოზიციური გაერთიანება გახდნენ.
პარტია „მოქალაქეები" 2020 წლის აგვისტოში სამოქალაქო აქტივისტმა ალეკო ელისაშვილმა დააარსა. იმავე წლის ოქტომბერში პარტია შევიდა პარლამენტში და გახდა ორი ოპოზიციური პარტიიდან ერთ-ერთი, რომელიც არ შეუერთდა საპარლამენტო ბოიკოტს. პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტზეც კი აირჩიეს.
პარტია „ლელო საქართველოსთვის", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „თიბისის" დამფუძნებლებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს, სახელისუფლებო პარტიის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა საქართველოში.
რაც შეეხება უფლებადამცველ ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის", იგი თბილისის საკრებულოშია წარმოდგენილი.
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD, Eastern European Centre for Multiparty Democracy) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში.
მმართველ პარტიაში ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს სკეპტიკურად უყურებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების" რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს ოპოზიცია, მის გამარჯვებას საფრთხე არ ემუქრება, დარწმუნებული არიან „ქართულ ოცნებაში“.
არჩევნები 2024
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.