დეპუტატი: ოპოზიცია დემოკრატიული არჩევნების შემთხვევაშიც შეეცდება ხელისუფლების დამხობას

მმართველ პარტიაში ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს სკეპტიკურად უყურებენ.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იქნება უპრეცედენტოდ დემოკრატიული, თუმცა, ოპოზიცია მაინც შეეცდება ხელისუფლების დამხობას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი უნდა მიიღონ.
„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩავატარებთ მსოფლიოში უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს, თუმცა, ისინი (ოპოზიცია) მაინც დაიწყებენ დემონსტრაციებს და ეს იქნება ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელიც წარუმატებელი იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" აქვს ყველა შანსი მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
„სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს, „ახალი" კი მიზანს ეპოტინება, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ბარიერს ვერ უახლოვდებიან და ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ", - განაცხადა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს გამოიყენოს ყველა რესურსი, რათა პატარა ჯგუფებმა როგორმე გადალახონ ბარიერი.
„პარტია ვინაიდან რამდენიმე ნაწილად გაიყო, მათი მიზანია, აგენტურამ მაქსიმალურად შეძლოს გაშლა ველზე იმგვარად, რომ გაშლილმა პატარ-პატარა ჯგუფებმა რამენაირად ბარიერი გადალახონ", - განაცხადა მდინარაძემ.
დღეისათვის უკვე ცნობილია საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ხუთი გაერთიანების შესახებ:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“,
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“,
„ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“;
„ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები"
28 კონსერვატიულად განწყობილი პარტიების გაერთიანება.
მმართველ პარტიაში ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს სკეპტიკურად უყურებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების" რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს ოპოზიცია, მის გამარჯვებას საფრთხე არ ემუქრება, დარწმუნებული არიან „ქართულ ოცნებაში“.
არჩევნები 2024
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.