თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. მსგავსი მეთოდებით ებრძვიან ყველას, ვინც იცავს თავისი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და ვისთვისაც მთავარი ღირებულება ღმერთი, სამშობლო, ოჯახია, დაწერა თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოკითხვის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვას უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე და კონსტანტინე ჯღამაია მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. გამოკითხვაზე დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც.
„ესროლეს რობერტ ფიცოს, დაემუქრნენ ირაკლი კობახიძეს, ავარიას გადაურჩა ვიქტორ ორბანი, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს დონალდ ტრამპი, ტერორისტულ აქტს გეგმავენ ბიძინა ივანაშვილის მიმართ - ასე ებრძვიან ყველას, ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვისთვისაც მთავარი ღირებულება არის ღმერთი, სამშობლო, ოჯახი", - დაწერა ბიჟაძემ.
როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ირიბად დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, მაშინ ოპოზიციამ ეს საკითხი ხუმრობის და ქილიკის საგნად აქცია.
„ოპოზიციისგან ეს არ გაგვიკვირდა, მაგრამ, თურმე, ამ ქილიკის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერაქტს გეგმავდნენ, რადგანაც მათ 2024 წლის არჩევნებში გარდაუვალი მარცხი ელოდებათ", - განაცხადა ბოჟაძემ.
მაისის ბოლოს კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“. ივნისის დასაწყისში კი, როცა კანონი ძალაში შევიდა, კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება ამით, მზად არის გამოძიებას მტკიცებულებები წარუდგინოს.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, „ომისა და ღალატის“ პარტია (მმართველი პარტია ასე უწოდებს ოპოზიციურ პარტია „ნაცმოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს, მის მიერ კონტროლირებად მედიას - რედ.) და უფლებადამცველები შვიდი დღის განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათი აქტივისტების მიმართ გამოძიება სავარაუდო ტერორისტული აქტის მომზადებაზე მიმდინარეობს.
„ვერც სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ვერც ტერორისტული აქტის მომზადებით, მით უმეტეს, ფაქტობრივი თუ მოსალოდნელი სანქციებით ვერავის შეაშინებენ. ჩვენი გუნდი, თუნდაც სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას", - განაცხადა ბოჟაძემ.
განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გამოკითხვაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე იბარებს, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.
სუს-ში გამოკითხვაზე მყოფმა გელა კახაბრიშვილმაც დაადასტურა, რომ გამოკითხვაზე საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე შესაძლო თავდასხმას.
„საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებას“, - განაცხადა კახაბრიშვილმა.
ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აპირებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების ე.წ. დამრტყმელ ძალად, მათ შორის ტერაქტების განსახორციელებლად გამოყენებას. გეგმა, როგორც მაშინ ამბობდნენ მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოში 2023 წლის დეკემბერში უკრაინული „ევრომაიდნის“ მაგალითზე რევოლუცია მოეწყოთ.
სუს-ში გამოკითხული ყველა პირი სხვადასხვა პერიოდში უკრაინაში მებრძოლი მოხალისეა, რომლებიც მონაწილეობდნენ თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.
როგორც გამოკითხულთა დვოკატებმა განმარტეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე და 18/323 მუხლებით - „შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად" და „ტერორისტული აქტის მომზადება".
სუს-ის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.
აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.