ადვოკატი: სუს-ი გამოძიებას ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერაქტის საქმეზე აწარმოებს

Sputnik
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გამოკითხვაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე იბარებს, განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
სუს-ი უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვას უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე და კონსტანტინე ჯღამაია მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. გამოკითხვაზე დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც.
„საქართველოში, თურმე, იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება. შეიძლება იყოს ინფორმაცია, განცხადება, რომელზეც ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, ეს ინფორმაცია რამდენად რეალურია ან რამდენად ყალბია. მივესალმები, რომ უნდა გამოიძიონ", - განაცხადა რამიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის წინააღმდეგ იგეგმებოდა შესაძლო ტერორისტული აქტი, რამიშვილმა უპასუხა: „ბატონ ბიძინა ივანიშვილზე“.
„გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელ-გვარები. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ადვოკატმა.
სუს-ში გამოკითხვაზე მყოფმა გელა კახაბრიშვილმაც დაადასტურა, რომ გამოკითხვაზე საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე შესაძლო თავდასხმას.
„საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებას“, - განაცხადა კახაბრიშვილმა.
სუს-ის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.
აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.