თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლი ქართველი მოხალისე ნადიმ ხმალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოში ტერორისტული აქტისა და ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების მომზადების საქმის ფარგლებში გამოიკითხა.
2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით ქვეყანაში მოსალოდნელი არეულობების მომზადების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმავე წლის სექტემბერში გაავრცელა. არეულობის ერთ-ერთ ორგანიზატორად სუსმა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე დაასახელა.
„დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე, ჩემს საქმიანობაზე წარსულში, ოღონდ შორეულ წარსულში... ზოგადი საუბარი იყო - ხომ არ მაქვს რომელიმე უცხოურ სპეცსამსახურთან კავშირი", - განაცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ტერორიზმის შესახებ პირაპირი კითხვები არ ყოფილა, თუმცა, რაღაც კითხვები იყო.
„საუბარი იყო იმაზე, იგეგმებოდა თუ არა ტერორისტული აქტი... ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას (ხმალაძეს - რედ.) იარაღი. დიახ, მას ოფიციალურად აქვს იარაღი, რომელიც მის სახლში ინახება. რა თქმა უნდა, იყო კითხვები ტერორიზმზე ... იგეგმება თუ არა საქართველოში ტერორიზმი, ტერორისტული აქტი“, - განაცხადა ხმალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
გამოძიებამ ხმალაძე მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხა.
ხმალაძე საგამოძიებო ორგანოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2023 წელს მოხვდა.
ხმალაძე დააკავეს 2023 წლის 8 მარტს, მეორე დღეს მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო პარლამენტის შენობასთან გამართულ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაში, რომელიც არეულობაში გადაიზარდა. 7-8 მარტის საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა, 9 მარტს კი ყველა გაათავისუფლეს, სკანდალური კანონპროექტი კი გაიწვიეს.
ხმალაძე უკრაინაში მებრძოლე მეორე მოხალისეა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ საქმის ფარგლებში სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.
19 ივლისს, მაგისტრი-მოსამართლის თადასწრებით გამოიკითხა ქართველი მებრძოლი ლაშა ჭიღლაზე. გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვები იყო ზედაპირული და სხვა საკითხებთან ერთად ეხებოდა იმას, თუ როდის გაემგზავრა და დაბრუნდა უკრაინიდა.
ჭიღლაძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ სუს-ის გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. „ეს საქმე აბსურდულია და არაფერი საერთო არ აქვს კანონთან", - განაცხადა ტყეშელაძემ.
სუს-ის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.
აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.