თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა უწოდეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მ.კ.-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობის და მოსარჩელის საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება.
„საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე.
მსხილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი. საბჭოს შემადგენლობაში შედის ოთხი წლის ვადით არჩეული 14 წევრი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
„პირველი, თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ. მეორე, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა. მესამე, ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში", - განაცხადა მსხილაძემ.
მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით მიმართა საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატის შერჩევის პროცესს აკვირდებოდნენ და მათ აღნიშნულ საკითხზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
„ეს იყო გამჭვირვალე პროცესი. მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას, აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება“, - განაცხადა მსხილაძემ.
როგორც მსხილაძემ აღნიშნა, მოსარჩელემ სასამართლოს დღეს, 22 ივლისს მიმართა და სასამართლომ შუამდგომლობა იმავე დღეს დააკმაყოფილა. წიქარიშვილს უფლებამოსილების აღსრულება 23 ივლისიდან უნდა დაეწყო.
წიქარიშვილი წარსულში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანაშემწე (2015-2018 წწ). გვენეტაძის გადადგომის შემდეგ წიქარიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლა განხორციელდა, რათა მას „სასამართლო კლანთან“ ეთანამშრომლა, თუმცა გვენეტაძემ აღნიშნული არ დაადასტურა, რამეთუ მის წინააღმდეგ არსებობდა კომპრომატები.