თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ხაშურში იუსტიციის სახლი გაიხსნა, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი 2019 წელს გაიხსნა, დღეს კი ქვეყნის სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში 121 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.
ქართლის რეგიონში რიგით მეცხრე ფილიალი ქალაქ ხაშურისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 500-მდე სერვისს ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიაწვდის.
ხაშურის იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან ერთად გახსნა.
როგორც კობახიძემ იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ტრადიციულად, იუსტიციის სახლი ხაშურშიც გამოირჩევა არაჩვეულებრივი არქიტექტურით და დიზაინით.
„ეს შენობა მომსახურების მიწოდების დროს შესთავაზებს სასიამოვნო გარემოს ხაშურელებს და რაც მთავარია, იუსტიციის სახლში ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება. ეს მომსახურება მიეწოდება მათ უმაღლეს დონეზე, რითაც გამოირჩევა, ზოგადად, იუსტიციის სახლები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის ინფორმაციით, იგეგმება დამატებით ათი იუსტიციის სახლის გახსნა თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, ასევე თბილისში, გლდანშის რაიონში და სოფლებში – ჭალა, ზოტი, ტოლები, შროშა და ცაისი.
„იუსტიციის სახლი არის ერთადერთი სივრცე, სადაც ერთმანეთთან შერწყმულია საჯარო და კერძო სერვისები. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში, ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობაში, ზოგადად, პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველი ახალი იუსტიციის სახლი მეტი ადამიანის განხორციელებული უფლება და მეტი დასაქმების ადგილია, რაც მეტ განვითარებას გულისხმობს.
„იუსტიციის სახლი თითოეული ადამიანისთვის ის ადგილია, სადაც მან უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მისი სახლია და შეუძლია ქართულ სახელმწიფოს დაეყრდნოს. იუსტიციის სახლები ყოველდღიურად დაახლოებით 20 ათას ადამიანს ემსახურება და მე მოხარული და ამაყი ვარ, რომ მრავალი საერთაშორისო გამოკითხვის შედეგად, მოქალაქეთა კმაყოფილება არის 95%-ზე მეტი“, - განაცხადა ბრეგაძემ.
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 500-მდე სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ქორწინების და განქორწინების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.
იუსტიციის სახლი ასევე არის საქართველოს საპენსიო ფონდის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის და სხვა სამთავრობო დაწესებულებებების კონტრაქტორი, რაც ყველა საკითხის ერთ სივრცეში გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა.
ნებისმიერი დოკუმენტის მიღება შესაძლებელია დაჩქარებული წესით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
ქალაქებისგან მოშორებით მდებარე დასახლებების მცხოვრებლებისთვის, ვინც ვერ ახერხებს იუსტიციის სახლებამდე მისვლას, მოქმედებს ე.წ. მობილური იუსტიციის სახლები.