თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. უცხოელ დონორებს სურთ მოსახლეობისგან დამალონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკუთხი საქართველოში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია საუბრობს იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერევიან პოლიტიკაში, მალავენ დაფინანსების წყაროებს და მიზნებს. ხელისუფლების კრიტიკის სამიზნე უცხოელი დონორებიც გახდნენ.
„განა შეიძლება აწყობდეს დონორს, გაიგოს მოსახლეობამ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფარულად, კანონის გვერდის ავლით ხდება პარტიების, მაგალითად, „დროას" და სხვა პარტიების დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, დონორებს სურთ ამ ყველაფრის საქართველოს მოსახლეობისგან დამალვა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დონორი არ დაუშვებს, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რომ იგი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციას, როგორიც არის „სირცხვილია“, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას ცდილობდა, დასძინა პოლიტიკოსმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ გადავხედავთ პარტიულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დავინახავთ, რომ ბოლოს კვალი მიდის ევროპის დემოკრატიულ ფონდამდე (EED), რომელსაც პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი მართავს.
„ეს სწორედ ის წევრები არიან, რომლებიც არიან საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის წყარო. რა თქმა უნდა, ეს „ენჯეოები“ უყურებენ თავიანთ დამფინანსებელს და მის წინააღმდეგ არ მიდიან", - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს სამოქალაქო სექტორში კრიზისია - არასამთავრობო სექტორის სცენაზე ფაქტობრივად მთლიანად დომინირებენ დომინანტური არასამთავრობო ორგანიზაციები.
„პატარა „ენჯეოებს“ აქვთ შიში და რიდი დიდი არასამთავრობოების წინაშე, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ ისინი წავლენ მათ და იმ ნარატივის ნააღმდეგ, რომელსაც ისინი ამკვიდრებენ, ისინი მათ დონორებთან გააშავებენ და ერთ თეთრს ვერ მიიღებენ დონორისგან. ამ კუთხით ჩვენ, ფაქტობრივად, გარკვეული კორუფციის ნიშნებიც კი გვაქვს", - აღნიშნა მან.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამერიკული „დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის" (EED) მიერ გამოყოფილი თანხები საქართველოში იმ ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ხვდება, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. კანონპროექტის ინიცირებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თბილისში და პერიოდულად რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
სკანდალური კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, განაცხადა მთელმა დასავლეთმა.
როგორც ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა შემოიღო სავიზო შეზღუდვები და საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა.
მმართველმა პარტიამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ" გაასაჯაროვა იმ 474 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ კვლევა, რომლებიც „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ.
კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო, 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება, ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, ორგანიზაციების 70%-ს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ.