კობახიძე: ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, 81 წლის ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ ის არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობის მიღებას და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, 81 წლის ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ ის არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობის მიღებას და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი „სრულად უჭერს მხარს“ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას და მოუწოდა დემოკრატებს „დაამარცხონ ტრამპი“.
„თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერევა ვერავის არჩევნებში.
„მით უმეტეს, ისეთი დიდი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ესწ ჩვენი საქმე არ არის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გასულ კვირას კობახიძემ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის გამო პრეზიდენტობის კანდიდატს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარში „გლობალური ომის პარტია" და ლიბერალური ფაშიზმი დაადანაშაულა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „გლობალური ომის პარტია“ მეთოდებს არ ცვლის.
მმართველ პარტიაში ასევე პარალელი გაავლეს ტრამპის მკვლელობის მცდელობასა და სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობას შორის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანის თქმით, ტრამპსა და ფიცოს შორის ერთი დიდი მსგავსებაა - ორივე მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას.
გლობალური ომის პარტია
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".