პრემიერი: საარჩევნო უბანი ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები 2024 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ აღრიცხვაზე საკონსულოებში
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბანი ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა - საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო იხელმძღვანელებს საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით .
„საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საარჩევნო უბნები არასაკმარისია და რამდენიმე თვეა, დაწყებული აქვს კამპანია, რათა, მათი განმარტებით, „რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა მოახერხოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემა“. ოპოზიციის ინიციატივით, ემიგრანტები ხელმოწერებს აგროვებენ არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით.
ცესკოს პოზიციით კი, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება „იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს“. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განმარტებით, ახალი უბნების გახსნა, ფაქტობრივად, ნიშნავს ახალი საკონსულოს ან ვიცე-საკონსულოს მოწყობას, ამის წესს კი ვენის კონვენცია განსაზღვრავს და მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის თანხმობით შეიძლება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, საკონსულო რეგისტრაციაზე 62.485 სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფებოდა. 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 1,399 ადამიანით გაიზარდა.
აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, ისე მასპინძელი ქვეყნის საელჩოში ან საკონსულოში. ამ შემთხვევაში დიპლომატიური წარმომადგენლობაში მისვლა არ არის სავალდებულო, განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ფოსტით. პროცედურა უფასოა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინსტრუქცია, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.