თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი მზადაა განიხილოს კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კანონპროექტის მიღების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, ხოლო ამნისტია ჯამში ხუთ ათასამდე ადამიანს შეეხება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მიზანმიმართულად დააინიცირა, რათა ამომრჩეველთა მეტი ხმა მიიღოს.
„თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც განტვირთავს ციხეებს და არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინალურ მდგომარეობას, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ. მაგრამ არავინ გვთავაზობს ალტერნატივას, ამიტომ ეს კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა იყო დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება - ციხეების მაქსიმალურად განტვირთვა ისე, რომ არ გაუარესდეს კრიმინალური მდგომარეობა.
„პარლამენტი როგორც ჩათვლის მიზანშეწონილად ამა თუ იმ მუხლის მიმართ ამნისტიის შეფარდებას, იმისდა მიხედვით მიიღება კანონი. მოცემულ შემთხვევაში პირადად მეც ვიყავი ჩართული „ამნისტიის შესახებ" კანონის შემუშავებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა 19 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს როგორც სასჯელის შემცირებას, ასევე პატიმართა ნაწილის სრულ გათავისუფლებას.
საქართველოს სახალხო დამცველმა დეპუტატებს უკვე მიმართა ამნისტიის პროექტის გაფართოების თხოვნით, რათა მასში შევიდეს უვადოდ მსჯავრდებულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების საკითხი, ასევე გაითვალისწინონ რისკები ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლებისას.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით. წინასწარი მონაცემებით, ის არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან მკვლელობის, ნარკოგასაღების, სექსუალური დანაშაულის, ძარცვის, ტერორიზმის, კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულისთვის, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის, კონვენციებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისა და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის.
რას ითვალისწინებს პროექტი
პროექტის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნაწილი უპირობოდ გათავისუფლდება, ნაწილს კი მათი ქმედებებისგან დაზარალებულთა თანხმობა დასჭირდება.
გათავისუფლების გარდა, ამნისტია 1/2, 1/4 და 1/6-ით პატიმრობის ვადის შემცირებას და ასევე პირობითი სასჯელის ერთი წლის ვადით შემცირებას ითვალისწინებს. ინიციატორების თქმით, 1/6-ით პატიმრობის შემცირება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით იგეგმება.
ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიც არის მკვლელობა, ნარკორეალიზაცია, სქესობრივი დანაშაული, ყაჩაღობა, ტერორიზმი, კორუფციული და თანამდებობრივი დანაშაული, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ.
პროექტის მიღების შემდეგ ციხეს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, სულ კი ამნისტია 5 ათასამდე ადამიანს შეეხება.