თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, 81 წლის ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ იგი არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობის მიღებას და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გადგომა და ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ფოკუსირება", - დაწერა ბაიდენმა სოციალურ ქსელში.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, იგი თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამერიკელ ხალხს უფრო დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე კვირაში მიაწვდის.
ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი „სრულად უჭერს მხარს“ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას და მოუწოდა დემოკრატებს „დაამარცხონ ტრამპი“.
„კოლეგებო, დემოკრატებო, გადავწყვიტე არ მივიღო მონაწილეობა და ჩემი ენერგია მივმართო პრეზიდენტის მოვალეობებზე ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდში. დღეს მსურს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს და წარვადგინო, იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი. დემოკრატებო, დროა, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი, გავაკეთოთ ეს", - დაწერა ბაიდენმა.
როგორც ადრე გამოცემა Politico-მ განაცხადა, ჯო ბაიდენის, როგორც აშშ-ს პრეზიდენტის რეიტინგი 40%-ის ფარგლებში იყო, რაც მიანიშნებდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ხელახლა გამარჯვების დაბალ შანსებზე.