თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 63 ათას ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდმეწარმეებს, 300 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
დავალიანების ჩამოწერება ხორციელდება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის გარეშე.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა. წინასწარი მონაცემებით, საუბარია 145 ათასი ფიზიკური პირის 590 მილიონი ლარის ოდენობით დავალიანებაზე.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი (2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობა იყო.