თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული ადგილი უჭირავს მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში, წერს ავსტრალიური გამოცემა Planetrugby.
საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩების სერიის მესამე მატჩი სიდნეიში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და მიუხედავად მარცხისა (29:40) უცხოელი ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
„ქუდი მოიხადეთ საქართველოს ნაკრების წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია. ქართველმა მორაგბეებმა ავსტრალიას ოთხი შესანიშნავი ლელო დაუდეს, ხოლო სიდნეიში შეკრებილ გულშემატკივარს ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზეს", - წერს Planetrugby.
სტატიის ავტორის აზრით, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან თამაში და მათთან გამარჯვებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.
„ავსტრალიასთან მატჩის რიგ ეპიზოდებში ისინი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ავსტრალიის ნაკრებმა მოგება დაიმსახურა, რადგან მთლიანობაში ის მეტოქეზე უკეთესი იყო", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ნაკრების კარგ ფიზიკურ მომზადებაზე და ამ მხრივ აკაკი ტაბუცაძის თამაში გამოარჩია.
ზაფხულის ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნებმა" კიდევ ორი მატჩი ჩაატარეს - 5 ივლისს ბათუმში ფიჯის ნაკრებთან ანგარიშით 12:21 დამარცხდა, 13 ივლისს სენდაიში კი იაპონიის ძლიერ გუნდს ანგარიშით 25:23 სძლია.