საქართველოში თამბაქოს და სიგარეტის წარმოებისთვის ლიცენზია დაწესდა

არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ თამბაქოს წარმოება უზარმაზარ საფრთხეს უქმნის მწეველების ჯანმრთელობას, აღნიშნეს კანონპროექტის ავტორებმა.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სამივე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მოსაწევი თამბაქოს და სიგარეტის წარმოებისთვის ლიცენზია იქნება საჭირო.
თამბაქოს და სიგარეტის წარმოების ლიცენზირება სავალდებულო 2025 წლის 1 იანვრიდან იქნება საჭირო. მანამდე კი, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშაოს ლიცენზირების წესები და პირობები და მიიღოს შესაბამისი ნორმატიული აქტი.
ლიცენზიის ღირებულება 50 ათას ლარს შეადგენს.
თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელზე გაიცემა შესაბამისი ლიცენზია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის, თუ თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით საწარმო უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღჭურვილი სათანადო ლაბორატორიით.
თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ახორციელოს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული თითოეული საქმიანობა და უზრუნველყოს თამბაქოს წარმოების სრული პროცესი, რაც მოიცავს როგორც მოსაწევი თამბაქოს წარმოებას, ისე სიგარეტის წარმოებას.
თამბაქოს წარმოების ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი ან საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახის თამბაქოს ნაწარმის წარმოება, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანა, პირველადი დამუშავება და დაჭრა.
ცვლილებების ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება“. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ თამბაქოს წარმოების დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებისთვის აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის, ზოგადად აღნიშნული დარგის, გაჯანსაღება/გაძლიერება.
„თამბაქოს წარმოების პროცესში მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ინდუსტრიის მქონე მწარმოებლების მიერ თამბაქოს წარმოება საგრძნობლად ამაღლებს მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებს, მაშინ როდესაც თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ წარმოება, ქმნის უდიდეს რისკს მწეველთა ჯანმრთელობისთვის“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც კანონპროექტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს.
წყარო - საქართველოს პარლამენტი