თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. სამცხე-ჯავახეთში წელს ყირიმ-კონგოს რვა შემთხვეა დაფიქსირდა, იუწყება გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე”.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლის ჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
გამოცემის ცნობით, შვიდი შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, ხოლო ერთი - ასპინძაში.
ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის განცხადებით, სამი დღის წინ ყირიმ-კონგოს ცხელება სოფელ ხერთვისში მცხოვრებ მამაკაცს დაუფიქსირდა. პაციენტი ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის.
ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმატარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
სიმპტომები ჩნდება უეცრად - ცხელება, მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი და რიგიდულობა, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება და ფოტოფობია (მგრძნობელობა სინათლის მიმართ). შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლისა და ყელის არეში, რასაც მოჰყვება განწყობის უეცარი ცვალებადობა და ცნობიერების დაბნეულობა.
ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნებადობა შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით და დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს მარჯვენა ზედა ნაწილში.
სხვა კლინიკური ნიშნებია ტაქიკარდია (სწრაფი გულისცემა), ლიმფური კვანძების შეშუპება და გამონაყარი.
ჩვეულებრივ შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები და ავადმყოფობის მეხუთე დღის შემდეგ მძიმედ დაავადებულ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ თირკმლების ფუნქციის სწრაფი გაუარესება და ღვიძლის ან ფილტვის უეცარი უკმარისობა.