„ანტიკვარიატი“: რუსუდან გლურჯიძის ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე მიემგზავრება

ფილმი გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და წარმოადგენს საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიის და ფინეთის კორპოდუქციას.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ქართველი რეჟისორის, რუსუდან გლურჯიძის ფილმი „ანტიკვარიატი“ ვენეციის კინოფესტივალის პროგრამაშია წარმოდგენილი, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ვენეციის 81-ე კინოფესტივალი 2024 წლის 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით კუნძულ ლიდოზე გაიმართება. ჟიურის ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი გაუძღვება. ფესტივალს გახსნის ტიმ ბარტონის ჰორორ-კომედია Beetlejuice Beetlejuice.
რუსუდან გლურჯისის ფილმი „ანტიკვარიატი“
ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები ფესტივალის პარალელურ სექციაში „საავტორო დღეები“ - Giornate degli Autori (Authors' Days). ფილმი გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და წარმოადგენს საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიის და ფინეთის კოპროდუქციას.
„ეს არის გულისამაჩუყებელი იგავი მიგრანტების იმედებისა და მისწრაფებების შესახებ უცნობ სამყაროში. ფილმი შთაგონებული იყო 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტირებით. მთავარ როლებს ასრულებენ: სალომე დემურია, სერგეი დრეიდენი, ვლადიმერ დაუშვილი და ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი“, - ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიმ სალომე დემურია 2023 წლის 10 ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის სწორედ რუსუდან გლურჯიძის ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.
ვენეციის კინოფესტივალი (Mostra Internazionale d’Arte Cinematografica) - უძველესი კინოფესტივალია, რომელიც 1932 წელს იტალიელმა დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ დააარსა. ფესტივალი 1934 წლიდან რეგულარულად ტარდება (გამონაკლისია 1943-45 და 1973-78 წლები) კუნძულ ლიდოზე ძირითადად აგვისტო-სექტემბრის მონაკვეთში. მთავარი ჯილდო „ოქროს ლომია“.