პაპუაშვილი: დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება

საქართველომ არაერთხელ სცადა კეზერაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება, მაგრამ უარი მიიღო
Sputnik
თბილისი, 20ივლისი – Sputnik. ევროპული ღირებულებები არ გულისხმობს დამნაშავის შეფარებას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან იგულისხმა ქართული ჯარის თანხების გაფლანგვისთვის ბრალდებული ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც თავს ევროკავშირში აფარებს.
დავით კეზერაშვილს, რომელსაც ბრალად ედება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონი ევროს გაფლანგვა (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული, მედიის ინფორმაციით იმყოფება კვიპროსზე, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„როდესაც ევროპულ ღირებულებებზე იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს. მისივე აღიარებით, ჯარისთვის მოპარული ფულით, საქართველოში ის პარტიებს, ენჯეოებს და მედიას აფინანსებს. დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველომ არაერთხელ სცადა კეზერაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება, მაგრამ უარი მიიღო. კეზერაშვილს საქართველოს მოქალაქეობის გარდა, ისრაელის მოქალაქეობაც აქვს.
იმავდროულად, ბრალდება, რომელიც კეზერაშვილს საქართველოში წაუყენეს, გახდა მისი შეერთებულ შტატებში შესვლაზე უარის თქმის მიზეზი.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კეზერაშვილი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში (თითქმის 2012 წლის ბოლომდე) კეზერაშვილი ხელისუფლების სხვადასხვა პოსტს იკავებდა.
თებერვალში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ის საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
დოკუმენტების თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში - 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის პერიოდში ლობისტები აქტიურად ცდილობდნენ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტურმა ჯგუფმა ჯამში 420 დოლარი მიიღო.
მუხლი, რომლის საფუძველზეც კეზერაშვილს ამერიკის ვიზაზე უარი ეთქვა, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს. „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ კრიმინალური ქოლ-ცენტრების უკან სწორედ კეზერაშვილი დგას.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ვინ არის კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეკომპანია „ფორმულა" დააარსა - იგი არის ერთ-ერთი იმ სამი ახალი ტელეარხიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია აღნიშნულ ტელეკომპანიებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.