თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ევროპულ კურსს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას ვერ გადააყოლებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
„როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ინტეგრაციაზე, აქაც არსებობს მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომ მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს, რაც თავის თავში გულისხმობს სანქციებს, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ჩვენ აქ ვამბობთ, რომ არ შეიძლება ჩვენ ჩვენს ევროპულ კურსს გადავაყოლოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებას არ სურს „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და „ყველაფერი წაუღია წყალს“, აღნიშნა მან.
საქართველოს ხელისუფლებას სურს მშვიდობით შესვლა ევროკავშირში, თორემ, პაპუაშვილის თქმით, არსებობს სხვა „მოკლე გზები, მათ შორის კონფლიქტებითაც“.
„ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ. არც ერთს ამ სამი კომპონენტიდან საფრთხე არ უნდა შეექმნას, ისე უნდა შევიდეთ ევროკავშირში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში, როცა ოპონენტებმა „ერთ წამითაც არ დაიხიეს ამ თავისი ნარატივისგან“, საქართველომ მიიღო ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
„ეს მივიღეთ არა მხოლოდ შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ შორის ევროპის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ ეს ასოცირების შეთანხმება კი არ გვაჩუქა ვინმემ, ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკება სამი წლით გვიან დაიწყეს საქართველოსთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სამი წელი ელოდა ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკების გახსნას.
„ეს ყველაფერი მოვიპოვეთ ჩვენ ჩვენი ძალისხმევით, მათ შორის პოლიტიკური მიდგომებით, სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობით. წინააღმდეგობა დიდი იყო და ამ წინააღმდეგობას გადალახვა სჭირდებოდა, ზუსტად ასე იქნება ახლაც“, - აღნიშნა მან.
საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2024 წლის ზაფხულში გაუარესდა.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეყინათ ფული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მეტიც, გააგრძელონ მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერის შემცირება და მისი გადამისამართება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის. მან ეს გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ანტიდასავლური რიტორიკით ახსნა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
რაც შეეხება ევროპარლამენტს, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებდა მას მიღებული რეზოლუციების გამო და აცხადებდა, რომ მათ არავითარი ღირებულება არ გააჩნიათ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ოთხი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე 2024 წლის 24 აპრილს.
ბოლო რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. ამასთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.