20 ხინკალს და 2 ხაჭაპურს რომ შეჭამ საქართველოზე საუბრის უფლება არ გაქვს - პაპუაშვილი

საქართველო იმ სიტუაციაშია, როდესაც უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსები ქართველი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ქართველი ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე პასუხს გასცემს ოპონენტებს, მათ შორის უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც აკრიტიკებენ ქვეყნის ხელისუფლებას და ლაპარაკობენ ხალხის სახელით, რადგან რატომღაც ყველას, ვინც 20 ხინკალი და ორი ხაჭაპური შეჭამა, მიაჩნია, რომ საქართველოზე უნდა ისაუბრონ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ხდება დასავლეთის კრიტიკის სამიზნე სხვადასხვა გადაწყვეტილებების გამო, მათ შორის გამჭვირვალობის კანონის მიღების გამოც. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი ერთადერთი სურვილია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა.
„რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, გაერკვა საქართველოში და საქართველოზე უნდა ილაპარაკოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა ხმამაღლა განაცხადოს, რა არის მათი ნება.
პაპუაშვილმა პარადოქსი უწოდა იმ ფაქტს, რომ დიპლომატები ან პოლიტიკოსები ხელისუფლებას ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკებიან.
„უპირველეს ყოვლისა ეს არის ქართველი ხალხის კიდევ ერთი ხმა იმისთვის, რომ მანდატი მისცეს საქართველოს ხელისუფლებას და პასუხი გასცეს ოპონენტებს. გარკვეული პერიოდია ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც უცხოელები, დიპლომატები თუ პოლიტიკოსები გველაპარაკებიან ქართველი ხალხის სახელით, რაც არის პარადოქსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რთული წარმოსადგენია საქართველოს ელჩი რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად პოლონეთში, რომელიც აცხადებს რომ ასეთია პოლონელი ხალხის ნება და პოლონეთის ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს.
„ეს ხომ სასაცილოდ არ ეყოფოდა პოლონეთის ხელისუფლებას, ან ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას. ჩვენთან დღეგამოშვებით სხვადასხვა უცხოელი აქტორი გამოდის და ყველა რატომღაც ფიქრობს, რომ უნდა გვესაუბროს ქართველი ხალხის სახელით, რომელსაც არ აქვს გრამი ლეგიტიმაცია ქართველებისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთადერთი რაზეც ვრცელდება მათი ლეგიტიმაცია არის ის NGO– ები, რომელსაც ისინი აფინანსებენ და ელაპარაკებიან.
„გარკვეული მიკრო საქართველო აქვს შექმნილი ზოგიერთ დონორს თავის გარშემო და ეს არის მისთვის საქართველო. ასე ვთქვათ ფოკუს ჯგუფი, მისი ფოკუს ჯგუფი არის მისი საქართველო. ჩვენ დანარჩენი ოთხი მილიონი არ ვარსებობთ როგორც ჩანს მათ თვალში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი 26 ოქტომბრის არჩევნები, რომ ქართველმა ხალხმა უთხრას ამ უცხოელ აქტორებს, რომ მათ ქართველი ხალხის სახელით არ უნდა ელაპარაკონ ხელისუფლებას და მიუთითონ რა უნდა გააკეთოს.
არჩევნები 2024
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.