თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა ქვეყანაში თაღლითობის გამოძიების ახალი სისტემის დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
თაღლითობა საქართველოში ყველაზე გავრცელებულ დანაშაულთა ათეულშია. საგამოძიებო ორგანოები იუწყებიან როგორც საერთაშორისო თაღლითობის, ასევე ადგილობრივი ტიპის დანაშაულის გამოვლენის შესახებ - მათ შორის დომინირებს კიბერთაღლითობა და თაღლითობა სატელეფონო ცენტრების მეშვეობით.
თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს, რაც ამ კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზაციის სტანდარტის შემოღებას, თაღლითობის სახეების სწორად სამართავად სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას და საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებულ საქმიანობას მოიცავს, განაცხადა გაბიტაშვილმა.
მისი თქმით, თაღლითობის ეფექტური გამოძიება და დროული გადაწყვეტილებების მიღება პროკურატურის მუშაობაში გამოწვევას წარმოადგენს ამ დანაშაულის სახეობების მრავალფეროვნებისა და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაბალი კომპეტენციის გამო.
„პრაქტიკამ ცალსახად აჩვენა, რომ სპეციალიზაციის დანერგვა დადებით გავლენას ახდენს ცალკეული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელსა და რეაგირების ხარისხზე“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
2023 წელს დაფიქსირდა თაღლითობის 1835 შემთხვევა, საიდანაც მხოლოდ 55,6% გაიხსნა. ამ ტიპის დანაშაულის ზრდამ წინა წელთან შედარებით 10,5% შეადგინა. ამასთან, მხოლოდ 2023 წელს თაღლითობაში 896 ადამიანს წაუყენეს ბრალი. თაღლითობის მსხვერპლად 1732 ადამიანი აღიარეს.
გაბიტაშვილის კანდიდატურა იურიდიულმა კომიტეტმა უკვე მოიწონა და ახლა პარლამენტმა ის საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე უნდა დაამტკიცოს. როგორც ადრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროკურორობის კანდიდატი მათ მხარდაჭერას მოიპოვებს.
გენერალური პროკურორობისთვის გაბიტაშვილს მხოლოდ დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება - „ქართულ ოცნებას" 83 დეპუტატი ჰყავს, რაც პროკურორის არჩევისთვის საკმარისია.
გიორგი გაბიტაშვილი კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი“ და აკადემიური და იურიდიული წრეების წევრებმა წარადგინეს.
გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.
ის გენერალურ პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. 2005 წლიდან 2007 წლამდე თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში სტაჟირების შემდეგ, 2007 წელს იყო პროკურორი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
2009 წელს გახდა ამ პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სადაც 2013 წლამდე მუშაობდა.
2013 წელს, 14 იანვრიდან 13 ივნისის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.