საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის მეხუთე პარტიული გაერთიანება იქმნება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს, განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ. .
დღეისათვის უკვე ცნობილია საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ოთხი გაერთიანების შესახებ: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და 28 კონსერვატიულად განწყობილი პარტიების გაერთიანება.
„ჩვენ შევქმნით იმ ტიპის რეალურ, რადიკალურად განსხვავებულ ალტერნატივას, რომელიც გახდება კომფორტული არჩევანი მრავალი ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს იქნება ძლიერი გაერთიანება ძლიერი საქართველოსთვის, ჩვენი მომავლისთვის და, ბუნებრივია, ევროპული პერსპექტივისთვის",- განაცხადა გეგელიამ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „თიბისის" დამფუძნებლებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს, სახელისუფლებო პარტიის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა საქართველოში.
„ლელოს" არ სჭირდება ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და შეუძლია ავტომატურად დარეგისტრირდეს.
რაც შეეხება უფლებადამცველ ანა დოლიძის პარტია „თავისუფლების მოედანს", იგი თბილისის საკრებულოშია წარმოდგენილი.
მმართველ პარტიაში ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს სკეპტიკურად უყურებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების" რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს ოპოზიცია, მის გამარჯვებას საფრთხე არ ემუქრება, დარწმუნებული არიან „ქართულ ოცნებაში“.
არჩევნები 2024
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.