რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - მონაცემები განახლდა

2024 წლის ივნისში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით შემცირდა
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. 2024 წლის პირველ ნახევარში საცხოვრებელი ფართების ყიდვა–გაყიდვის გარიგებების რაოდენობა 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 3%-ით შემცირდა, სულ გაიყიდა 19,5 ათასამდე ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში თბილისში გაყიდვების შემცირების მიუხედავად ბაზრის მოცულობა 5%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა. ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები 3%-ით გაიზარდა, ძველ კორპუსებში კი 15%-ით შემცირდა.
„2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების გასაყიდი საშუალოშეწონილი ფასი გარეუბნებში 12%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში კი 11% და 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის ივნისში თბილისში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით შემცირდა - გაიყიდა 3 ათასზე მეტი ბინა. გარდა ამისა, ახალ კორპუსებში ბინების გაყიდვა 20%-ით, ხოლო ძველი ბინების გაყიდვები 24%-ით შემცირდა.
ივნისში თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა13%-ით შემცირდა და 212 მლნ დოლარი შეადგინა.
გასულ თვეში გარეუბნებში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალოშეწონილი ფასი 12%-ით გაიზარდა, ცენტრთან ახლოს და ცენტრში კი პირიქით 4 და 6%-ით შემცირდა.
თბილისში ძველი ბინების საშუალოშეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში, ცენტრთან ახლოს კი 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.