დეპუტატი: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობა გააცნობიერა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას ასევე გეგმავენ: სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიები.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ინსტიტუტი, მნიშვნელოვანია სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პირველმა მიმართა - სკანდალური კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუტი, მნიშვნელოვანია სამართლებრივი თუ პოლიტიკური დავების გადაწყვეტისთვის. ალბათ, პრეზიდენტი ხვდება იმასაც, რომ ძალიან ცუდია, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციურ ინსტიტუტებს ხელაღებით და ყოველგვარი გააზრების გარეშე არალეგიტიმურად მიიჩნევს და ხშირ შემთხვევაში უგვანო ეპითეტებით მოიხსენიებს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართელოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში შეიტანეს. ზურაბიშვილის თქმით, ამით გამოვლინდა არა მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობა.
დეპუტატის თქმით, როგორი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს მალე გახდება ცნობილი.
„როდესაც ამ კანონს მივეცი ხმა, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს კანონი არა მხოლოდ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არამედ არის დემოკრატიის ძირითადი მოთხოვნა, რომ გამჭვირვალობა და ურთიერთანგარიშვალდებულება, ღიაობა ყველა ურთიერთობაში იყოს შემოტანილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას გეგმავენ: სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიები.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.