პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს წარმოების ლიცენზირებას მხარი დაუჭირა

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.
თამბაქოს წარმოება გულისხმობს როგორც თავად თამბაქოს მომზადებას, ისე სიგარეტის წარმოებას. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი პროცესის არარსებობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 ათასი ლარი იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს წარმოებაზეც დაწესდეს კონტროლი. ამასთან, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარი არის თამბაქოს ხარისხის გაუმჯობესებაზე და არავითარ შემთხვევაში თამბაქოს პოპულარიზაციაზე", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.
მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტით ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალური კონტროლი დააწესოს ნაწარმის ხარისხზე, რათა მოსახლეობამ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტი მიიღოს.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ლიცენზია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, თუ საწარმო აღჭურვილია თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგისთვის სპეციალური ლაბორატორიით.
თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ლიცენზიის გარეშე წარმოება პირველ ჯერზე დაექვემდებარება დაჯარიმებას 10 ათასი ლარის ოდენობით, კანონდარღვევის ყოველი მომდევნო ფაქტი ითვალისწინებს ჯარიმას 50 ათასი ლარის ოდენობით. ლიცენზიის დარღვევა დაექვემდებარება ჯარიმას 5 ათასი ლარის ოდენობით.
პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, იგი ძალაში 2024 წლის 1 სექტემბრიდან შევა.