თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი“ არ აპირებს შეუერთდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელს, განაცხადა პარტიის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. სკანდალური კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას გეგმავენ: სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიები. კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
„ჩვენ არ შევუერთდებით ოპოზიციას ამ სარჩელში. თავის დროზე, როდესაც დავრწმუნდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ყველა სარჩელი გამოვიტანეთ. ამიტომ არ ვაპირებთ საერთოდ საჩივარის შეტანას", - განაცხადა დეპუტატმა.
მან ოპოზიციისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პირველმა - 15 ივლისს მიმართა, კომიკური უწოდა, რადგანაც თავად სარჩელი ითვალისწინებს კანონის დეტალურ განხილვას ყველა იმ მუხლის მიხედვით, რაზეც პრეზიდენტმა ვეტოს დადებისას უარი განაცხადა.
„ძალიან კომიკურად გამოიყურება ის, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებენ, რადგანაც პრეზიდენტი ვეტოს როდესაც ადებდა ამ კანონს, იქ მთელი ამბავი იყო ატეხილი - ღმერთმა დაგვიფაროს და, ვეტოს დოკუმენტში რამე შენიშვნა ჩავწეროთ, რომ შემთხვევით „ქოცებმა“ არ გაითვალისწინონ", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი სრულიად მიუღებელია.
გარდა ამისა, სარჩელი „ქართული ოცნების" ხელში გახდება ინსტრუმენტი, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, „პარლამენტი ამას გმირულად განახორციელებს და მერე იტყვიან, რომ გვაქვს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო", – განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელს, დეპუტატის თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია.
„არასამთავრობოების სარჩელი კიდევ შემიძლია გავიგო. ისინი ფულს იღებენ, რომ ასეთი სარჩელები წერონ. უბრალოდ გვეუბნებიან, რომ გამოვიყენეთ ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი. ან, ბოლოსდაბოლოს, სამსახურეობრივი მოვალეობა, შეიძლება, უბიძგებდეთ მათ, რომ ეს გააკეთონ", - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს „პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნამდვილად აქვთ თუნდაც თავიანთ წარსულ განცხადებებზე".
„მეორე, მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვთ ამ ნაწილში. პარტიებსა და პრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნამდვილად აქვთ, თუნდაც თავიანთ წარსულ განცხადებებზე და ასე უპასუხისმგებლოდ რომ უდგებიან თავიანთ წარსულ განცხადებებს, ეს უკვე პრობლემაა, თორემ „ენჯეოები“ რომ მიდიან სასამართლოში, ეს ბუნებრივი პროცესია მათთვის“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.