„ეს ფარსია“: პოლიტიკოსები „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელს აფასებენ

ისინი ორმაგი სტანდარტის ადამიანები არიან, განაცხადა იონათამიშვილმა
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაჩივრებით არასამთავრობო ორგანიზაციები სპეკულაციას ეწევიან, რადგანაც სინამდვილეში ისინი პატივს არ სცემენ არც სასამართლოს და არც მის გადაწყვეტილებას, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში 121-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ ერთიანი სარჩელი შეიტანა. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მთელ რიგ დებულებებს ასაჩივრებენ და მოითხოვენ განხილვის პერიოდში მოსი მოქმედების შეჩერებას.
„ეს ადამიანები არიან ორმაგი სტანდარტის, როცა უნდათ, კონსტიტუციას აძაგებენ, როცა უნდათ, საკონსტiტუციო სასამართლოს მიმართავენ. მათი მხრიდან ეს ყველაფერი სპეკულაციები და ფარსია. სინამდვილეში ისინი არც კონსტიტუციას სცემენ პატივს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც მის გადაწყვეტილებას", - განაცხადა იონათამიშვილმა.
ამასთან, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენელმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობოების სარჩელს მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პირველმა მიმართა - სკანდალური კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
სკანდალური კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას გეგმავენ: სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიები.