თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას სჭირდება დამაჯერებელი გამარჯვება იმისათვის, რომ საბოლოოდ დასრულდეს ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და „ლიბერალური ფაშიზმი" საქართველოში, განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის დაწყებისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
სამშაბათს, ცენტრალური ოფისისა და „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება გაიმართა. 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელზეც იქნება დამოკიდებული თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე“, -განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველებისთვის ესაა ბოლო გაბრძოლება საქართველოში არეულობის შემოსატანად და „მეორე ფრონტის" გასახსნელად.
„ქართული ოცნება“ უმსხვილეს ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“უწოდებს, რომელიც ცდილობს არიოს ვითარება საქართველოში, მოაწყოს რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიოს.
„ქართული ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ განსამტკიცებლად, გარედან ხელოვნურად თავსმოხვეული რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დასასრულებლად, სიმშვიდის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის შესანარჩუნებლად, ეროვნული ღირსების დასაცავად და ამ ყველაფრის შედეგად, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად“, -აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, წლევანდელი არჩევნები ერთი რამით არის გამორჩეული. ქართველი ამომრჩეველი არასდროს ყოფილა ასეთი გათვითცნობიერებული იმ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა.
„ასეთ პირობებში, დღეს ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. ამ ყველაფრის შედეგიცაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას“, -განაცხადა მან.
ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც უშეცდომოდ ჩაატარებს და „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს. თუმცა, ივანიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი.
„ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში; იმისათვის, რომ საქართველომ შეუქცევადად განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება“, -აღნიშნა ივანიშვილმა.
ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე.
„არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს“,- ხაზგასმით აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ქვეყნის მომავლით გარისკოს.
„საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფოიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფოიერვერკს მივიღებთ“, - დასძინა ივანიშვილმა.
ნინო ლომჯარიამ, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის პოსტი ეკავა, 2022 წელს განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმას ბომბების ცეცხლს ამჯობინებს.
„იმისათვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასდროს დავდგეთ, აუცილებელია საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას“, -აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები კვლავაც არ იშლიან ფიქრს „მეორე ფრონტის" გახსნაზე, რამაც, მათი გათვლით, პირველ ფრონტზე არსებული რთული მოცემულობა უნდა შეცვალოს.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სწორედ „მეორე ფრონტის" ლობირების შედეგია ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც საქართველოზე უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან განსაკუთრებულად გააქტიურდა.
„ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება“, -განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია.
„ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის“, -აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია.
„მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართველ ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ სთავაზობს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან პარტიები, რომლებიც ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. ამასთან, პარლამენტში უმრავლესობის და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირების უფლების მოსაპოვებლად პარტიამ უნდა მოიპოვოს არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი.