რა დაავადებებს უნდა უფრთხილდეთ, თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ: ინფექციონისტის რჩევები

ინფექციონისტი მოსახლეობას ურჩევს, აქტიურ საათებში მოერიდონ მზეს, სანაპიროზე გავიდნენ დილით და საღამოს, მიიღონ ბევრი სითხე.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი -Sputnik. ზაფხულის სეზონისთვის, მით უმეტეს, კურორტებისთვის, დამახასიათებელია ღებინებით და დიარეით მიმდინარე როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციები, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
ბუწაშვილის განმარტებით, ზაფხულში ხშირია დიარეული დაავადებები, ანუ ნაწლავური ინფექციები, რასაც ხშირად მოწამვლას ეძახიან და უკავშირებენ ზღვის წყალს, თუმცა ინფიცირება უფრო მეტად კვების ობიექტებზე მოდის..
„ზღვის კურორტებზე კვების ობიექტების დატვირთვისას, ჰიგიენური ნორმებს სათანადოდ არ იცავენ და, შესაძლოა, საკვების შენახვის პროცედურები ირღვეოდეს. კლასიკური მოწამვლა (და არა ინფექცია) ვლინდება მაშინ, როდესაც საკვებში მზა ტოქსინია და 2-3 საათში იწყება ღებინება. ეს მზა საკვების არასწორ პირობებში შენახვისას მასში გამომუშავებული ტოქსინის შედეგია“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
მისი თქმით, ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელია როგორც ვირუსული ისე ბაქტერიული ინფექციები. თუ ადამიანს ჩივილი არ აქვს და თავს ჯანმრთელად გრძნობს, ზღვის კურორტიდან დაბრუნებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკისთვის, კვლევის ჩატარების აუცილებლობა არ არის.
ასევე ზღვის კურორტებზე ხშირია მზესთან, სიცხესთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გადახურებას, „მზის დაკვრას“. ინფექციონისტი მოსახლეობას ურჩევს, აქტიურ საათებში მოერიდონ მზეს, სანაპიროზე გავიდნენ დილით და საღამოს, მიიღონ ბევრი სითხე.
რაც შეეხება გინეკოლოგიურ დაავადებებს, ხშირია გენიტალური კანდიდოზი, ანუ სოკო.

„მითია, როდესაც საუბარია ქლამიდიის და სხვა ინფექციის გადაცემაზე, ეს შეუძლებელია, წყლით არ გადადის, მხოლოდ სქესობრივი გზით არის გადამდები. გენიტალური კანდიდოზის, ანუ სოკოს გავრცელება ხდება მაშინ, როდესაც სველ საცურაო კოსტიუმს დიდხანს არ ვიცვლით. ვეცადოთ, მალე გამოვიცვალოთ“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

ინფექციონისტი მოსახლეობას ურჩევს, დაავადებების თავიდან ასაცილებლად მიიღონ პრევენციული ზომები, მათ შორის მნიშვნელოვანია:
ხელის დაბანა და პირადი ჰიგიენა.
უმჯობესი იქნება, სწრაფი კვების თუ სხვა ობიექტებში არ მიიღებთ უმ საკვებს, სალათებს, კრემიან ნამცხვრებს, სადაც მაღალია რისკი.
თერმულად, ახლად დამუშავებული საკვები ამ მხრივ უფრო უსაფრთხოა, რომელიც ცხელია და თერმულად დამუშავდა, ნაკლებ საფრთხეს შეიცავს.
ასევე შესაძლოა, კურორტზე დაზიანებული იყოს მილები, რა დროსაც ბოთლით წყლის მიღებაა სასურველი.