თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს სტუდენტურმა ნაკრებმა უნგრეთში გამართულ ევროპის უნივერსიადაზე ხუთი მედალი მოიპოვა.
2024 წლის ევროპის საუნივერსიტეტო თამაშები (The European Universities Games) უნგრეთის ორ ქალაქში დებრეცენსა და მიშკოლცში 12-24 ივლისის პერიოდში ტარდება. ორგანიზატორებმა 4,5 ათასამდე სტუდენტს უმასპინძლეს, რომლებმაც საკუთარი ძალები სპორტის 17 სახეობაში მოსინჯეს.
ქართველმა სტუდენტმა ძიუდოისტებმა შვიდ წონით კატეგორიაში ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
უნივერსიადის ჩემპიონობა გიორგი ახალაურმა (-73 კგ), ვაჟა ავაზნელმა (-81 კგ), აკაკი ჯაფარიძემ (-90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) იზეიმეს, ბრინჯაოს პრიზიორი კი -100 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი გახდა.
უნივერსიადაში ქართველი სტუდენტების მონაწილეობა კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.
ევროპის უნივერსიადა არის მულტისპორტული შეჯიბრია, რომელშიც მონაწილეობენ ევროპის უნივერსიტეტების სპორტსმენები - იგი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.