ჯერ ახსნას! „ქართულ ოცნებაში" აშშ-ის სახდეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებას ელოდებიან

Sputnik
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა მეთიუ მილერმა, ვიდრე სპეკულაციებზე ისაუბრებს, ჯერ უპასუხოს კითხვებს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
მეთიუ მილერი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“. მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ „არ იცის ეს რას ნიშნავს“. ამ კონტექსტში მილერმა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, თავი შეიკავოს სპეკულაციებისგან და არ გააკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები, სანამ ფაქტები არ გახდება ცნობილი. მილერის თქმით, პრეზიდენტის „იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“.
„ჩვენ გაგვიხარდება თუ ბატონი მილერი ახსნის, როგორ მოხვდა 20 წლის ადამიანი 190 მეტრ სიმაღლის სახურავზე, აიტანა სნაიპერის იარაღი ისე, რომ ვერავინ ვერ შეამჩნია. არსებობს ეს კითხვები, ჯერ თვითონ ახსნას და შემდეგ უკვე ჩვენ ვუპასუხებთ", - განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონტროლდებოდა დაახლოებით 1500 მეტრი ფართობის სივრცე.
„190 მეტრზე მჯდომმა თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა შვიდჯერ?“, - განაცხადა ზარქუამ.
აშშ-ის ექს-პრეზიდენტსა და „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა შაბათს, 13 ივლისს პენსილვანიის შტატში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განხორციელდა. პოლიტიკოსს ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა. თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია, რომელიც FBI-ის წარმომადგენლებმა გაანეიტრალეს.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში „გლობალური ომის პარტია“ და ლიბერალური ფაშიზმი დაადანაშაულა.
გლობალური ომის პარტია
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".