თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ინფორმაცია მოშიმშილე პატიმართა რაოდენობაზე სიმართლეს არ შეესაბამება და ზიანს აყენებს თავად პატიმრებს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
გლდანისა და ქუთაისის ციხეებში 20-მდე პატიმრის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია Formula-მ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პატიმრების პროტესტი დაკავშირებულია იმასთან, რომ „ამნისტიის შესახებ" კანონი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს არ შეეხება. ტელეარხის ცნობით, შიმშილობის გამოცხადება სხვა ციხეებშიც იგეგმება.
„მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. პირდაპირი ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა", - განაცხადა ბრეგაძემ.
მან ოპოზიცია და მედია პატიმართა ჯანმრთელობით მანიპულირებაში დაადანაშაულა.
„ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდები არახალია.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობის ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან მიახლოების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა უახლოეს მომავალში სერიოზულად შემცირდეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს პენიტენიურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1-ელი ივნისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.241 ადამიანი შეადგინა.
ამისკენ პირველი ნაბიჯი არის ამნისტია, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით და საერთო ჯამში, პატიმრების ერთ მესამედს სხვადასხვა ფორმით.
ამნისტია შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით. წინასწარი მონაცემებით, ის არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან მკვლელობის, ნარკოგასაღების, სექსუალური დანაშაულის, ძარცვის, ტერორიზმის, კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულისთვის, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის, კონვენციებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისა და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის.
მათთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი სახეები: პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება, სასჯელის განახევრება, შემცირება მეოთხედით ან მეექვსედით, აგრეთვე პირობითი სასჯელის ვადის შემცირება ერთი წლით.
ინიციატორების თქმით, ვადის ერთი მეექვსით შემცირება სსკ-ის 225 მუხლით იგეგმება.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.