„გამჭვირვალობის შესახებ კანონი": ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, ნათქვამია ზურაბიშვილის მიმართვაში
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე სარჩელით მიმართა, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს", - განაცხადა მსხილაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები.
„პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“, - განაცხადა მსხილაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას გეგმავენ: სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიები.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.