თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ხახალეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ხახალეიშვილის განცხადებით, თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება და მუშაობას დედაქალაქში გააგრძელებს.
„მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზედა ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაშიმეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ“, - დაწერა ხახალეიშვილმა.
ქუთაისის ყოფილი მერის განმარტებით, საქართველო ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას და ეცდება ქვეყანას სხვა ფორმით ემსახუროს.
„ჩემი ქვეყნის მსახურებას, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი გავაგრძელებ, რათა საქართველომ განვითარება გააგრძელოს. ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ ქუთაისელებს, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ. ქუთაისი არის ჩვენი ქალაქი და ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ მისი მომავალი“, - წერს ხახალეიშვილი.
იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მერის თანამდებობა 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაიკავა - არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 51,65%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ - 48,34% მიიღო.