ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს საკუთარი გეგმა გადასცა

Sputnik
თბილისი, 15 ივლისი − Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას ეძღვნება, ევროკავშირის ყველა ლიდერს უდევს მაგიდაზე, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა ბალაჟ ორბანმა გაზეთ Magyar Nemzet-თან ინტერვიუში.
„ფაქტობრივად, საუბარია ორბანის გეგმაზე, რომელიც ახლა ევროკავშირის ყველა პრემიერ-მინისტრის მაგიდაზე დევს. სიტუაციის რეალისტური შეფასება, რეალური მიზნები და შესაფერისი გრაფიკი − აი, რაზეა აგებული ჩვენი მიდგომა“, − განმარტა მან.
მისი თქმით, უნგრეთის როლი გადაჭარბებით არ უნდა შეფასდეს, თუმცა არც იმის შეუფასებლობა შეიძლება, რომ ვიქტორ ორბანმა ორ კვირაში არაერთი შეხვედრა ჩაატარა, რასაც „მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა წლების განმავლობაში ელოდება“.
როგორც ბალაჟ ორბანმა აღნიშნა, ბუდაპეშტი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მთელ პერიოდს „სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პირობების შესაქმნელად“ გამოიყენებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში, 5 ივლისს მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მანამდე, 2 ივლისს, ის კიევში იმყოფებოდა. შემდეგ ორბანი ეწვია პეკინს, საიდანაც ვაშინგტონში გაემგზავრა ნატოს სამიტზე. ვაშინგტონში ის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, შემდეგ კი ფლორიდას ესტუმრა, სადაც მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი კონფლიქტის მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ მის დასრულებაზე გადამწყვეტი გავლენა აშშ-ს, ჩინეთსა და ევროკავშირს აქვთ.