თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ფარგლებში ჩატარებულ 4 მატჩში 29 დარტყმა მოიგერია და მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ყველაზე მეტი სეივი (11) გიორგი მამარდაშვილმა 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან მატჩში (1:1) მიითვალა და შეხვედრების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გარდა ამისა, ტურის შედეგების მიხედვით იგი უეფას სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
სეივების რაოდენობით მეორე ადგილზე ნიდერლანდების ნაკრების მეკარე ბარტ ვერბრიუგენია -18.
აღსანიშნავია, რომ უეფა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეს პრიზს არ გადასცემს, თუმცა ასახელებს ტურნირის სიმბოლურ გუნდს, რომლის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე შეძლო F ჯგუფიდან ოთხი ქულით გასვლა და ტურნირის 1/8-ში თამაში, სადაც ევრო 2024-ის მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა (1:4). ჩემპიონატის შედეგებით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს, რომელმაც „ოქროს ბუცი" მოიპოვა. მის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი ასისტია.
ტურნირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ოქროს ბუცის" მფლობელი ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი გახდა:
გიორგი მიქაუტაძე, საქართველო 3 (4 მატჩი)
ივან შრანცი, სლოვაკეთი 3 (4 მატჩი)
ჯამალ მუსიალა გერმანია 3 (5 მატჩი)
ჰარი კეინი, ინგლისი 3 (6 მატჩი)
დანი ოლმო, ესპანეთი 3 (6 მატჩი)
კოდი გაკპო, ნიდერლანდები 3 (6 მატჩი).