„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი: ომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

როგორც ცნობილია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით კიდევ სამი სარჩელი მზადდება.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი".
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ამ და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაძლო შეუთავსებლობას, ვამზადებთ ჩვენს მოსაზრებებს და წარვადგენთ სასამართლოში. სახალხო დამცველი აუცილებლად ჩაერთვება ამ პროცესში“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმ შესაძლებლობაზე, ომბუდსმენის აპარატი თუ რა ფორმით მიიღებს განხილვაში მონაწილეობას, იქნება ეს „სასამართლოს მეგობრის“ სახით თუ სხვა ფორმით.
„ასე რომ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებული, კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა", - განაცხადა იოსელიანმა.
ასევე ცნობილია, რომ ომბუდსნების აპარატის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად სამი სარჩელი მზადდება, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას შეეხება. ერთ-ერთი სარჩელი 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა, მეორეს საქართველოს პრეზიდენტი ამზადებს, მესამეს კი ოპოზიციური პარტიები.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.