დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტს არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ტრადიციებთან და ინტერესებთან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და, ბუნებრივია, იგი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად სამი სარჩელი მზადდება, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას შეეხება. ერთ-ერთი სარჩელი 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა, მეორეს საქართველოს პრეზიდენტი ამზადებს, მესამეს კი ოპოზიციური პარტიები.
„როდესაც ამ კანონს ვაინიცირებდით, ზუსტად ვიცოდით, რომ უცხოური გავლენის აგენტურა ამ კანონს შემდეგ გაასაჩივრებდა. როგორც მოლოდინი გვქონდა, პირველი არის პრეზიდენტი, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული კონსტიტუციის დარღვევაში და ეს დადასტურებულია. მას არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, საერთო ქართულ ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია, ის გაასაჩივრებდა, ამას ველოდებოდით", - განაცხადა ზარქუამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
დეპუტატის თქმით, მმართველ პარტიაში იცოდნენ, რომ პრეზიდენტის შემდეგ სარჩელს შეიტანდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც - კერძოდ, კანონის მიღების ოპონენტები, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
„ჩვენ ვიცოდით, შემდეგ უკვე ლომჯარია-გიგაურები რომ გაასაჩივრებდნენ... მადლობა ამ კანონს, მორიგ ჯერზე მოხდა ამ უცხოური აგენტების ლუსტრაცია“, - განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, მმართველი პარტიის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, კანონის არც ერთ მოწინააღმდეგეს არ მიუღია მონაწილეობა მის განხილვაში და არც ერთი არგუმენტი არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.