რუსთავი-თბილისის მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

ახალი ავტობუსები თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული იქნება.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. რუსთავის მერია 70 ავტობუსს შეისყიდის, რომლებიც 2024 წლის შემოდგომიდან ქალაქს თბილისთან დააკავშირებს, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
დღეისათვის თბილისსა და რუსთავს შორის ერთი ავტობუსი მოძრაობს - მგზავრობის ღირებულებაა 1,5 ლარი, სტუდენტებისთვის - 0,5 ლარი.
„შემოდგომიდან, რუსთაველებს, დედაქალაქის მიმართულებით, კომფორტულად და შეუფერხებლად მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ დღეს ვაცხადებთ ტენდერს, რის შემდეგაც უკვე გვექნება შესაძლებლობა ათასობით რუსთაველს კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ სატრანსპორტო მიმართულებით", - განაცხადა ლაცაბიძემ.
მისი თქმით, ახალი ავტობუსები თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული იქნება. აღნიშნული ავტობუსები დედაქალაქში ე.წ. ბასლაინზე იმოძრავებენ, რაც მგზავრობის დროს შეამცირებს.
ავტობუსების შესაძენად თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, რომელიც, მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 მილიონი ლარით იზრდება.