რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ივნისის მონაცემები

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და იგი ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 5,2 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,5 მლნ ადამიანზე მეტია ჩართული. აქედან 11,1 ათასმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემული თანხა კი 38,9 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, სააგენტომ გამოაქვეყნა საინვესტიციო პორტფელების მომგებიანობის შედეგები 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით. რეალური შემოსავალი (ინფლაციის გათვალისწინებით) ასეთია:
კონსერვატიული პორტფელი – 11,14%
დაბალანსებული პორტფელი – 13,4%
დინამიური პორტფელი – 15%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.